საქართველოსგან შექმნილი "მტრის ხატი" აფხაზურ მედიებში

არადემოკრატიული სახელმწიფოებისათვის ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტს მედია და იქ გავრცელებული ნარატივები წარმოადგენს. რუსეთისთვის რბილი ძალის გამოყენება არახალია და ამ მეთოდს წარმატებით იყენებს სასურველი იდეების გასავრცელებლად, მათ შორის აფხაზეთშიც. ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კი ანტი-ქართული მოწოდებებია, რომელიც 2008 წლის ომის თემაზე მომზადებულ სიუჟეტებსა და სტატიებშიც გვხვდება. სწორედ აქ იკვეთება რუსეთის სურვილი რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოსგან შეიქმნას მტრის ხატი.

ანტიქართული ნარატივების გავრცელებასთან დაკავშირებით სრული კონსესუსია როგორც კერძო ისე სახელმწიფო მედიებში. Abkhaz world, Abaza TVapsnypress.info, apsua tv,Sputnik abkhazia. განსაკუთრებული რადიკალიზმით ეს უკანასკნელი გამოირჩევა. აქ ვხვდებით ისეთ სტატიებს, რომლებიც ანტიდასავლურ და ანტინატოურ ხასიათსაც ატარებს. აფხაზურ მედიაში საქართველო წარმოჩენილია აგრესორად და ომის წამომწყებად, რუსეთი კი მეგობარ, მხარდამჭერ და მშვიდობისმყოფელ სახელმწიფოდ.
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აფხაზური მედიანარატივის გამოსაკვეთად პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ საომარი მოქმედებების გაშუქების სპეციფიკაა. პირველი მედია, რომელიც ამ საკითხს აქტიურად აშუქებს არის sputnik-abkhazia.ru., რომელიც რუსული Sputnik-ის პროექტია და აფხაზურ და რუსულ ენებზე ფუნქციონირებს.

2008 წლის ომიდან 11 წლის თავზე გამოქვეყნებული სტატიები, დაწვრილებით მიმოიხილავს ომის პერიპეტიებსა და საომარ მოქმედებებს. ერთი მათგანის სათაურიც ასე ჟღერს: „ხუთ დღიანი ომის ქრონიკა“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნამუშევარი ფაქტების მწყობრ და ობიექტურ გაშუქებაზე უნდა კონცენტრირდებოდეს, თუმცა სტატიის მთავარი მიზანი საქართველოს აგრესორად წარმოჩენაა. ეს პირველივე წინადადებაში ვლინდება, სადაც ვკითხულობთ: „დილით ქართულმა ავიაციამ მიიტანა იერიში სამხრეთ ოსეთზე და გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება კონფლიქტის ზონაში“. სტატიაში რუსეთის პოზიცია წარმოჩენილია ისე, თითქოს ის ამ კონფლიქტში მხოლოდ დამხმარე და მოქალაქეთა დამცველია და იძულებულია ჩაერთოს დახმარების თხოვნის გამო. ასევე წარმოჩნდება აფხაზეთის როლი, როგორც სამშვიდობო, მოხალისე, დამხმარე ძალის.

სინამდვილეში, ომისკენ უკუთვლა და ესკალაცია პირველ აგვისტოს დაიწყო. ააფეთქეს ქართული პოლიციის მანქანა, ტოიოტა ჰილუქსი, რომლის დროსაც ხუთი პოლიციელი დაიჭრა. 2008 წლის 5 აგვისტოს როკის გვირაბის შესასვლელთან რუსული დანაყოფები განლაგდნენ. 6 აგვისტოს ე.წ „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს. 7 აგვისტოს ქართულ სოფლებზე თავდასხმა გამწვავდა, იბომბებოდა ქართული სოფლები: ერედვი, ფრისი, ავნევი, დვანი, ნული და ფრონეს ხეობა.


Abkhaz world-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ავტორი განიხილავს XVIII-XIX საუკუნის მეფის რუსეთის ისტორიას, საბჭოთა წლებს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და უშუალოდ ომის მიმდინარეობას. მიკერძოებულობაც სწორედ ამ უკანასკნელში იკვეთება. სტატიის მიხედვით, ომის წამომწყები და ცეცხლის გამხსნელი საქართველოა. ავტორი არ ეთანხმება საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებას, რომელიც რუსეთის ქმედებებს აგრესიად აღიარებს. სტატიაში იკვეთება ანტიდასავლური პროპაგანდა და უნდობლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ. ავტორი გამოთქვამს აბსურდულ ვარაუდს, რომ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებმა გაეროში არ მიიღეს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის გადაწყვეტილება, რადგან ეს საქართველოს მისცემდა დროსა და შესაძლებლობას, მოეპოვებინა სწრაფი გამარჯვება. ამასთან რუსეთის ყველა ქმედება ფასდება, როგორც ლეგიტიმური.

Abaza TV აფხაზური კერძო ტელევიზიაა, რომლის მფლობელიც ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ ყოფილი პრემიერ მინისტრი ბესლან ბუთბაა. არხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია და ის არც „მთავრობასთან“ და არც „ოპოზიციურ ძალებთან“ არაა დაკავშირებული. 2019 წლის რვა აგვისტოსთვის მომზადებულ სიუჟეტში სახელწოდებით: „შავი ლაქა საქართველოს ისტორიაში“, წარმოდგენილია აფხაზეთში რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის „სრულუფლებიანი ელჩებისა“ და აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის, რაულ ხარჯიმბას, კომენტარები. მათ გამოსვლებში საქართველო წარმოჩნდება აგრესორად, მისი ქმედებები შეფასებულია ავანტურად და რევანშისტულად. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაწყვეტილებები კი არაადეკვატურადაა მიჩნეული. საქართველო დადანაშაულებულია გენოციდის მცდელობაში. თავდასხმის მთავარ მიზნად იკვეთება „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის იძულებით გაერთიანება საქართველოს საზღვრებში. რუსეთი კი „მშვიდობის მტრედად“ გვევლინება, რომელმაც თითქოს, „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი აგრესორი საქართველოსგან განადგურებას გადაარჩინა . ლიდერები მადლიერებას გამოხატავენ რუსეთის ხელისუფლების მიმართ. სიუჟეტის ავტორი რუს სამხედროებს მშვიდობისმყოფელ ძალებად წარმოაჩენს. ჟურნალისტი იმეორებს „ლიდერების“ ციტატებს. სიუჟეტის ბოლოს, ის ამბობს: „ 2008 წლის რვა აგვისტო ოსეთის დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღიცაა, რომელიც 600 წლის წინ წაერთვათ მათ.“

ბესლან ბუთბა
ბიზნესმენი, ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრემიერ მინისტრი
რუსეთი ომის მიმდინარეობის პერიოდშიც აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას და შექმნა მითი საქართველოს მიერ „მძინარე ცხინვალის“ დაბომბვაზე. 11 აგვისტოს გაეროს სხდომაზე რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ მსხვერპლმა სამხრეთ ოსეთში 2000 ადამიანს გადააჭარბა. რუსეთის გარდა, საქართველოს მსგავს დანაშაულზე სერიოზულად არავინ მსჯელობდა, მეტიც რუსეთსაც არ ჰქონდა არავითარი დამადასტურებელი მტკიცებულება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო ე.წ ჰაიდი ტალიავინის კომისიის დაკვნაში, უარყოფილია რუსეთის ყველა მცდელობა სამართლებრივად გაემართლებინა ინტერვენცია და შეენიღბა ისე, როგორც ამას რუსეთი დეზინფორმაციული ომის საშუალებით ცდილობდა, თითქოსდა მათი კონფლიქტში ჩართვა მოხდა გენოციდის აღკვეთისა თუ თავდაცვის გამო.

ვიტალი ჩურკინი
რუსეთის ყოფილი ელჩი გაეროში
საინტერესოა ისიც თუ როგორი რეტროსპექტივით აფასებს მოვლენებს აფხაზური მედია წლების შემდეგ. „სახელმწიფო“ სააგენტოს მმართველობას დაქვემდებარებული რუსულენოვანი გაზეთი „აფხაზეთის რესპუბლიკა“ 2020 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაციით, რომელიც ეხება აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ვიზიტს ე.წ სამხრეთ ოსეთის საელჩოში, რვა აგვისტოს, დაღუპულთა ხსოვნის პაატივსაგებად. სტატია სწორედ ამ ინფორმაციის მოწოდებით იწყება. ავტორი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პატივი მიაგო რვა აგვისტოს, საქართველოს აგრესიის შედეგად, დაღუპულთა ხსოვნას. პირველივე წინადადებაში მჟღავნდება მათ მიერ საქართველოს დადანაშაულების სურვილი.

12 წლის შემდგომ ასლან ბჟანია აფასებს 2008 წლის ომს და საქართველოს თავმდამსხმელად და ომის გამჩაღებლად წარმოაჩენს. ე.წ სამხრეთ ოსეთის მხარეს მებრძოლ ჯარისკაცებს უფასებს გმირობას და ამბობს, რომ მათ სიცოცხლე დათმეს სამშობლოსთვის, საგულისხმოა ამ ტერმინის გამოყენებაც, რადგან ბჟანიას კომენტარი ქმნის ილუზიას თითქოსდა „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა დამოუკიდებელი ისტორიით. ბჟანია რუსეთზე საუბრისას ამბობს, რომ მსოფლიომ დაინახა დიდებული რუსეთი, რომელიც არ ტოვებს მეგობრებს საფრთხეში. ეს შეიძლება ითქვას, პირდაპირი გამოხატულებაა რუსული ნარატივისა, რაც გულისხმობს რომ რუსეთთან თანამშრომლობა უსაფრთხოების გარანტიაა.

2018 წელს abaza Tv- ს მიერ მომზადებული სიუჟეტი: „10 წელი უბედურებიდან“, რომელშიც ისევ მეორდება, რომ საქართველომ დაიწყო ომი ესაა გადამღერება 2008 წელს მომზადებული მასალებისა: მედვედევის პირველი პრეს-კონფერენცია და ბაღაფშის პირველი კომენტარი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. ნაჩვენებია ამავე წლის ინტერვიუები ქალაქ სოხუმის მცხოვრებლებთან.


აფხაზური მედია რომ რუსული გავლენებით გამოირჩევა ამაზე საუბრობს პროდიუსერი და Sova-ს მთავარი რედაქტორი - მართა არდაშელია. ინტერვიუში ყვება, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც Sputnik Abkhazia შეიქმნა, აფხაზურ მედიებში განსაკუთრებით გამძლავრდა რუსული პროპაგანდა და დამოუკიდებელი, განსხვავებული აზრი მხოლოდ ცალკეული ბლოგერების გვერდებზე შეგვიძლია ვნახოთ.


ფაქტია, რომ აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებში, იქ სადაც საუბარია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე და კონკრეტულად, 2008 წლის ომზე, საქართველო წარმოჩენელია როგორც აგრესორი და კონფლიქტის წამომწყები ქვეყანა, რუსეთი კი მეგობარ, მხარდამჭერ და მშვიდობისმყოფელ სახელმწიფოდ. საქართველოს, როგორც აგრესორის ხატი ფორმირდება ლიდერთა უშუალო კომენტარების, მრავალჯერადად გამეორებული წინადადებებისა და ნარატივების საშუალებით, რომლებიც მანიპულირებენ მკითხველზე/მაყურებელზე სენსიტიური თემებით. კერძოდ, მშვიდობიან, მძინარე ცხინვალზე საქართველოს მიერ თავდასხმისა და შესაბამისად ომის წამოწყების ფაქტით.

ავტორი
თამთა კაპანაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website